შეხვედრა სოფელ კაბალში მცხოვრებ მოსახლეობასთან

შეხვედრა სოფელ კაბალში მცხოვრებ მოსახლეობასთან

: 2017-10-04
: სიახლეები
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრა გამართა. 
შეხვედრაზე ორი ძირითადი საკითხი განიხილებოდა -„ისწავლე ქართულის" პროგრამის მნიშვნელობა და „გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის გაზრდა".
ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორის, ბექა ტაბუცაძის განცხადებით, ქალთა აქტივობა ქართული ენის სწავლის პროცესში ორჯერ აჭარბებს მამაკაცების აქტივობას.
„ჩვენ მოვუწოდებთ კაბალში მცხოვრებ მამაკაცებს და არა მხოლოდ მათ, მეტად აქტიურად ჩაერთონ ქართული ენის სწავლებაში, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ სთავაზობს. სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკეთესად დაგეგმონ საკუთარი მომავალი, მიიღონ ყველა ის სიკეთე, რომელსაც სთავაზობს თანამედროვე ქართული სახელმწიფო და, რაც მთავარია, ქვეყანაში მცხოვრებმა ეროვნულმა უმცირესობებმა თავი იგრძნონ სრულფასოვან მოქალაქეებად." - განაცხადა ბექა ტაბუცაძემ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს კაცების ჩართულობაზე ოჯახის საქმეებში, შვილის აღზრდაში, მეუღლის დახმარებაში და სხვა იმ საკითხებზე, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. სწორედ ამიტომ საქართველოც არის გლობალური კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი.
„მინდა აღვნიშნო, როდესაც მოვდიოდით, გვქონდა ,,პრობლემა," რამდენად გაიგებდნენ ქართულს, გვქონდა იმის შიში, რომ თარჯიმანი დაგვჭირდებოდა. ჟვანიას სკოლის დამსახურებაა, რომ მათ ძალიან კარგად გაიგეს ჩვენი საუბარი," - აღნიშნა გიორგი ლიპარიშვილმა. მისი თქმით, დღეს არიან გადაუჭარბებლად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აღფრთოვანებული, რადგან ასეთი კარგი ჯგუფი ნამდვილად არ ჰყოლიათ. აქ არ არის მარტო ინფორმაციის ცოდნა და სწორი აზროვნება, აქ არის ცოდნის და გამოცდილების შერწყმა.
სსიპ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კვლავ გააგრძელებს რეგიონებში შეხვედრებს და იმ აქტუალური საკითხების განხილვას მოსახლეობასთან ერთად, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო ენის სწავლის პოპულარიზაციას, ასევე ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.