ფოკაში სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

ფოკაში სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

: 2017-10-30
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქართული ენის სწავლების არეალს კვლავ აფართოებს. ამჯერად ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო. ეს უკვე რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია, სადაც სკოლა ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებას უფასოდ განახორციელებს.

27 ოქტომბერს სოფელ ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში სასწავლო ჯგუფის გახსნას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილიც დაესწრო. სასწავლო პროცესი A1 დონის მსმენელთათვის წარიმართება.

ქეთევან მახარაშვილი აღნიშნავს, რომ: ,,პროგრამის მიმღებლობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა, ჯგუფებში მსურველების რაოდენობა მუდმივად იზრდება. არაქართულენოვან მოსახლეობაში ენთუზიაზმი გაჩნდა, რადგან მათ სურთ თანაბრად მიიღონ ყველა ის სიკეთე რომელსაც სახელმწიფო იძლევა, და თავის მხრივ მეტად აქტიურად ჩაერთონ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში."

გენადი მარგველაშვილის აზრით: ,,ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ქართული ენის კარგად სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ კონტაქტები დამყარდეს ქართულ სივრცესთან და ამით ისინი მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდებიან. ჩემის მხრივ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს".

27 ოქტომბერს ნინოწმინდის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ასევე გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კურსდამთავრებულთათვის. სერტიფიკატები 49 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადაეცა.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ჟვანიას სკოლა აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით არეალის გაფართოებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 8,356 ბენეფიციარმა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ასწავლის საქართველოს 3 რეგიონში მდებარე 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში. სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე, ეროვნულუმცირესობებწარმომადგენლებს მიეცეთ საშუალებაშეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად ინტეგრირდენ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.