ზურაბ  ჟვანიას  სკოლა და ნატოს საინფორმაციო ცენტრი მოსახლეობასთან ერთობლივ შეხვედრებს იწყებს

ზურაბ ჟვანიას სკოლა და ნატოს საინფორმაციო ცენტრი მოსახლეობასთან ერთობლივ შეხვედრებს იწყებს

: 2017-11-03
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და ნატოს საინფორმაციო ცენტრმა გარდაბნისა და მარნეულის – რეგიონულ სასწავლო ცენტრებში ერთობლივი შეხვედრა გამართეს თემაზე – ,,საქართველო ნატოში." აღნიშნულ შეხვედრებს გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრები, სხვადასხვა სკოლების დირექტორები და საჯარო სამსახურში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორი მერაბ გოგონაძე აღნიშნავს: „ჟვანიას სკოლის და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ინიციატივით შეხვედრები დაიწყო რეგიონულ ცენტრებში საჯარო მოხელეებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან. შეხვედრებზე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში".

ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშაშვილი ყურადღებას ამახვილებს ჟვანიას სკოლის მნიშვნელობაზე ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში, აცხადებს, რომ ნატოს საინფორმაციო ცენტრი გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას ჟვანიას სკოლასთან და აპირებს სკოლის რეგიონული ცენტრების მეშვეობით განახორციელოს შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან. „მნიშვნელოვანია მათ ვესაუბროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი და მათში გაწევრიანების გზები" - აცხადებს ბატონი გ. ფარეშაშვილი.

ჟვანიას სკოლა ნატოს საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გააგრძელებს ერთობლივი შეხვედრების ორგანიზებას რეგიონებში და იმ აქტუალური საკითხების განხილვა მოსახლეობასთან ერთად, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო ენის სწავლის პოპულარიზაციას, ასევე ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.