სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არაქართულენოვანი თანამშრომლები სახელმწიფო ენას სწავლობენ

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არაქართულენოვანი თანამშრომლები სახელმწიფო ენას სწავლობენ

: 2017-12-05
: სიახლეები

სს „ენერგო-პრო ჯორჯია" ხელს უწყობს საკუთარ, არაქართულენოვან თანამშრომლებს, საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა.

კომპანიის, სამხრეთ საქართველოს ფილიალის, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მომსახურების ცენტრების თანამშრომლები სახელმწიფო ენას უკვე სწავლობენ ადგილებზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შესაბამისი რეგიონის სასწავლო ცენტრებში.

აღნიშნულ სკოლასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" შორის მალე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზე სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან" შეთანხმებით, უსასყიდლოდ დაგეგმავს და განახორციელებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" პერსონალისათვის ქართული ენის სწავლებას ენობრივი კომპეტენციის A1, A2, B1, B1+ და B2 დონეებზე. ასევე, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე წარმართვას, მსმენელთათვის მოსახერხებელი გრაფიკითა და ენერგეტიკის სფეროს დარგობრივი ლექსიკით გამდიდრებული სასწავლო სახელმძღვანელოების გამოყენებით.

ამჟამად, კომპანიის ახალქალაქის და ნინოწმინდას მომსახურების ცენტრების ოცამდე თანამშრომელი პირველ საფეხურს გადის.


მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სახელმწიფო ენის სწავლებას დაიწყებენ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" მარნეულის, ბოლნისის, გარდაბანის და დმანისის, არაქართულენოვანი თანამშრომლები, რომელთაც სურვილი ექნებათ გაიღრმავონ სახელმწიფო ენის ცოდნა.