ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა

: 2018-04-24
: სიახლეები

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა, რომლებიც პედაგოგებისათვის A2+ დონეს, ხოლო მსმენელებისათვის სამოქალაქო განათლებით გამდიდრებულ B1+ დონეს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელოებიც, პედაგოგებისათვის გამდიდრებული პროფესიული ტერმინოლოგიით, ასევე, საჯარო მოხელეებისათვის სასერტიფიკატო გამოცდის მოთხოვნებზე მორგებული ქართული ენის სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების კუთხით.

აღნიშნული სასწავლო პროგრამით სწავლების მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ სახელმწიფო ენის საფუძვლები, შეძლონ ქართულად წერა, კითხვა და კომუნიკაცია, ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო თემებზე საუბარი, სხვადასხვა ტიპის ტექსტების ადეკვატურად გაგება და შექმნა, საქმისწარმოების მიზნით დოკუმენტაციის ქართულად შედგენა. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებულ პირს ინტეგრირდეს სახელმწიფოებრივ სივრცეში და საკუთარი წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს განვითარებაში.

პროგრამით სწავლებას ჟვანიას სკოლა ახორციელებს საქართველოს სამ რეგიონში: ქვემო–ქართლი, სამცხე–ჯავახეთი და კახეთი. სწავლება მიმდინარეობს სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში, 420 მობილურ ჯგუფში, რომელიც მოიცავს 104 სოფელს და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საზოგადოებრივ ცენტრებს.