ჟვანიას სკოლასა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჟვანიას სკოლასა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

: 2018-05-03
: სიახლეები

დღეს საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ათ სახელმწიფო უწყების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც არსებული რესურსების ურთიერთგაცვლისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, აპარატების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ შემდგომ განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნული მემორანდუმი თავისი ფორმითა და შინაარსით უპრეცედენტოა და ხელს შეუწყობს იმ სტანდარტების დანერგვას, რაც სასიცოცხლოდ საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურების ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებასა და პროფესიონალური დონის ამაღლებისთვის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს პარლამენტის აპარატის მხრიდან აპარატის უფროსმა,გივი მიქანაძემ და ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა მოაწერეს.