ჟვანიას სკოლამ სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გამართა

ჟვანიას სკოლამ სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გამართა

: 2018-05-22
: სიახლეები

21 მაისს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის მომზადებული ქართული ენის დარგობრივი მიმართულებების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გამართა.

სკოლა ახორციელებს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროგრამას, ენის ფლობის 3 დონის ფარგლებში: A1 (ენის გასაღები), A2 (ენის საფუძველი) და B1( ზღვრული).

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, 2017 - 2018 წლებში, მომზადდა B1+ დონის დარგობრივი მიმართულების პროგრამები: სამართალმცოდნეობა, ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, ფინანსები და შესყიდვები, სამოქალაქო განათლება და A2+ დონის - დამხმარე კურსი პედაგოგთათვის.

ქეთევან ნატრიაშვილი – სახელმწიფო ზრუნავს საქართველოს არაქართულენოვან მოქალაქეებზე. საგანმანათლებლო რესურსების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ის 6 სახელმძღვანელო, რომელიც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ არის მომზადებული, არის ერთ–ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობის სახელმწიფო ენაზე განათლებას, მათ პროფესიულ თუ კარიერულ წინსვლას და ინტეგრირებას ჩვენი ქვეყნის წამყვან პროცესებში.

გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი არაქართველი მოქალაქეები მოტივირებულები არიან იმისათვის, რომ ისწავლონ სახელმწიფო ენა. ეს მათ ეხმარებათ კარიერულ წინსვლაში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჟვანიას სკოლასთან აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით.

აღნიშნული სახელმძღვანელოები შესაძლებლობას მისცემს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს დაეუფლონ კონკრეტული პროფესიული მიმართულების ლექსიკას, ხელს შეუწყობს მათი პიროვნულ-მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და დაეხმარება მათ, სრულფასოვნად ინტეგრირდნენ სამოქალაქო საზოგადოებაში.

ახალი სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან გაიღრმავოს ცოდნა კონკრეტული დარგის ფარგლებში. წიგნები განთავსებულია სკოლის ვებგვერდზე www.zspa.ge.