განათლების მინისტრის მოადგილემ ჟვანიას სკოლის დირექტორი წარადგინა

განათლების მინისტრის მოადგილემ ჟვანიას სკოლის დირექტორი წარადგინა

: 2019-04-05
: სიახლეები
5 აპრილს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ოფიციალური ვიზიტით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ესტუმრა და დირექტორი ქეთევან ჯაყელი წარადგინა. ქეთევან ჯაყელი აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით დაინიშნა. ვიზიტის ფარგლებში ირინე აბულაძე შეხვდა სკოლის თანამშრომლებს. ისაუბრა განათლების ახალი რეფორმის შესახებ, ჟვანიას სკოლის საქმიანობაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე სახელმწიფოებრივ საქმეში.
"მოხარული ვართ, რომ ქეთევან ჯაყელი დაუბრუნდა ჟვანიას სკოლას. მას აქვს ძალიან დიდი გეგმები თუ როგორ განავითაროს სკოლა. ჩვენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის როლს ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვნად ახალი გაცხადებული რეფორმის ფარგლებში." - ირინე აბულაძე. 
ქეთევან ჯაყელმა თანამშრომლებს გააცნო სტრატეგიული ამოცანები, განვითარების გეგმა და პრიორიტეტები, რაც მიზნად ისახავს სკოლის შემდგომი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას.
„სკოლა დაიწყებს აქტიურ მზადებას საჯარო მოხელის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სატრენინგო პროგრამების აკრედიტაციის მისაღებად. მოხდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის შეფასება, რომლის ფარგლებშიც 2014 წლიდან გადამზადდა ეროვნული უმცირესობების 14 000-მდე წარმომადგენელი, ხოლო დღეის მდგომარეობით სწავლობს 1600-მდე. წარიმართება მსჯელობა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გაუმჯობესებისა და განვითარების შესახებ." - ქეთევან ჯაყელი.