დედაენის დღე ახალქალაქში

დედაენის დღე ახალქალაქში

: 2019-04-14
: სიახლეები
დედაენის დღესთან დაკავშირებით ახალქალაქში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილემ კონსანტინე სირბილაძემ ჟვანიას სკოლის ინიციატივითა და ახალქალაქის მერიის მხარდაჭერით მოხატული კულტურის სახლის კედელი გახსნეს. 
დღესვე, ახალქალაქის კულტურის სახლში, პრეზიდენტი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა, ადგილობრივ მოსახლეობას დედაენის დღე მიულოცა და სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა ჟვანიას სკოლის მიერ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მსმენელები: მერი გარიბიანი და ზარუჰი ათორაკალიანი სპეციალური სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
„ახლახან ევროპის გულში, სტრასბურგში გაიხსნა ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი, რომლის სახელობის სკოლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით და ეხმარება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს გახდნენ სახელმწიფოს სრულფასოვანი წევრები. ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებისთვის. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, ერთმანეთს გავუგოთ და პატივი ვცეთ, აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა." - სალომე ზურაბიშვილი. 
„ჟვანიას სკოლა დედაენის დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად მრავალფეროვან ღონისძიებებს ახორციელებს. წელს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოიხატა ახალქალაქის კულტურის სახლის კედელი, ჩატარდა კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი" - კონსტანტინე სირბილაძე. 
კულტურის სახლის კედელზე გადაშლილი დედაენის წიგნი მხატვარმა მუსია ქებურიამ დახატა.