სახელმწიფო შესყიდვების კურსი - წარმატებული პროგრამის კიდევ ერთი წარმატების ისტორია

: 2016-12-01
: სიახლეები

ირაკლი პაპავა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროფესიონალთა გუნდს მას შემდეგ შეუერთდა, რაც მიმდინარე წელს წარმატებით გაიარა სკოლის დარგობრივი კურსი ,,სახელმწიფო შესყიდვები". დღეს ის სკოლის კონსულტანტია შესყიდვების საკითხებში და აგრძელებს იმ საქმიანობას, რასაც იქამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში შესყიდვების კოორდინატორის თანამდებობაზე ახორციელებდა.

სკოლასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შესახებ განახლებული ინფორმაცია პერიოდულად იგზავნება რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს მსმენელთა ახალი ნაკადის რეგისტრაციას მიმდინარე სასწავლო კურსებზე.

სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა ძირითად მოტივაციას, რამაც ირაკლის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება გადააწყვეტინა.

,,სახელმწიფო შესყიდვები მრავალმხრივი სფეროა და მოითხოვს სიღრმისეულ ცოდნას. გარდა საკანონმდებლო ბაზისა, რომელიც არაერთ ნორმატიულ აქტს მოიცავს, არსებობს სხვა პრაქტიკული საკითხები, რომელთა გათვალისწინება ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კანონის სრული დაცვით განხორციელდეს შესყიდვები და მათი შემდგომი შესრულების მონიტორინგი.

ისინი, ვინც ამ პროცესებში არიან ჩართულნი, მუდმივად საჭიროებენ განახლებულ ინფორმაციას. სწავლის პროცესში შეხება გვქონდა ისეთ საკითხებთან, როგორიცაა: სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ოპერირება, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და სისტემაში წარდგენა, შესყიდვის სხვადასხვა საშუალების დადგენა და სხვა. ტრენერები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებდნენ, რაც შესყიდვების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს გვიადვილებდა პრაქტიკაში არსებული მაგალითების დეტალურად განხილვასა და მსჯელობას.

შესყიდვის საშუალებების სწორიშერჩევა და დაგეგმვა შესყიდვების მთლიანი ციკლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და წარმატებული შესყიდვის ძირითადი წინაპირობაა. არაკვალიფიციურად წარმართული დაგეგმვის პროცესი აისახება დაგვიანებულ ანდა გადაუდებელ შესყიდვებში, შესყიდვის ობიექტის მიწოდების მოკლე ვადების განსაზღვრაში, სატენდერო დოკუმენტაციის და ხელშეკრულების პირობების ცვლილებებში. შედეგად, არასათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, ხორციელდება რეალურ საჭიროებასთან შეუსაბამო საქონლის თუ მომსახურების მიღება ანდა შესყიდვა წარიმართება შემცირებული კონკურენციის პირობებში, რომლის უკიდურესობასაც არშემდგარი ტენდერი ან გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვა წარმოადგენს - განაცხადა ირაკლი პაპავამ.

როგორც სკოლის კურსდამთავრებულები ხშირად აღნიშნავენ, სასწავლო კურსის მაღალ დონეზე ორგანიზებულობა, სფეროს შესაბამისი თემების სწორი შერჩევა და კვალიფიციური, პრაქტიკოსი ტრენერები წარმოადგენენ სკოლის სასწავლო პროგრამების წარმატების საფუძველს. შესაბამისად, სკოლის მსმენელის სტატუსის შეძენა არაერთხელ გამხდარა საჯარო მოსამსახურის შემდგომი პროფესიული წინსვლის მიზეზი.

,,მას შემდეგ, რაც წარმატებით დავასრულე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დარგობრივი კურსი „სახელმწიფო შესყიდვები", შემომთავაზეს მუშაობის დაწყება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სახელმწიფო შესყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

დღეს სკოლის პროფესიონალთა გუნდთან ერთად აქტიურად ვარ ჩართული სკოლის საქმიანობაში და კვლავ ვაგრძელებ მუშაობას შესყიდვების მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლიმ.

დაარსების დღიდან სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან და ემსახურება იმ მთავარ მიზანს, როგორიცაა საჯარო მოსამსახურეების პროფესიული გადამზადება მათი ცოდნის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების გზით. ამავდროულად სკოლა ხელს უწყობს წარმატებული საჯარო მოსამსახურეების დასაქმებას, საჯარო მმართველობის წარმატებულ ფუნქციონირებას, კვალიფიციური თანამშრომლების რაოდენობის ზრდას და მათ პროფესიულ წინსვლას.