სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში

: 2017-02-20
: სიახლეები
2017 წლის 18-19 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს, სახელმწიფო ენის სწავლების ჯგუფსა და საგამოცდო კომისიის წევრებს შორის. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა საგამოცდო კომისიის წევრებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამისა და ამ პროგრამაში მათი ფუნქცია-მოვალეობების გაცნობას.
სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს დამსწრეთ მიესალმა სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი. სახელმწიფო ენის პროგრამის ხელმძღვანელმა მაკა ომიაძემ მიმოიხილა სახელმწიფო ენის პროგრამა, დამსწრეთ გააცნო თემატური გეგმა, შეფასების სისტემა, გამოცდის ჩატარების ფორმები, საგამოცდო კომისიის მუშაობის განრიგი და კომისიის წევრთა სამუშაო აღწერილობები.
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კონსულტანტი მაია გოზალიშვილი კომისიის წევრებს ესაუბრა ზრდასრულთა განათლების ძირითად პრინციპებსა და სკოლის მსმენელებთან მუშაობის სპეციფიკაზე, ენის ფლობის ზოგადევროპულ ჩარჩოზე, ტესტირებისა და გამოცდების ჩატარების წესსა და უკუკავშირზე.
სამუშაო შეხვედრის მეორე დღეს, სახელმწიფო ენის პროგრამის განვითარების კონსულტანტმა ლია ცერცვაძე-ცუცქირიძემ კომისიის წევრებს გააცნო ტესტის სტრუქტურა და გასწორების წესი, გასაუბრების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები და შეფასების კრიტერიუმები, მსმენელებთან უკუკავშირის სტრატეგია. ამის შემდეგ ჩატარდა პრაქტიკული მუშაობა- ტესტის გასწორების მოდელირება.
სამუშაო შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის დახვეწა-განვითარებისკენ.