ახალქალაქში, სომხურ ეპარქიაში, სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

ახალქალაქში, სომხურ ეპარქიაში, სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

: 2017-08-09
: სიახლეები

განათლების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალქალაქში, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატში, ქართული ენის სწავლება დაიწყო.

სომხური ეპარქიის ინიციატივით, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, შედგა A1 დონის ჯგუფი. ჯგუფში ეპარქიის სასულიერო პირები და თანამშრომლები უფასოდ ეუფლებიან სახელმწიფო ენას, რაც მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.

9 აგვისტოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი ახალქალაქის სომხურ ეპარქიაში ზემოხსენებული ჯგუფის გახსნას დაესწრნენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა, რათა მათ სრულფასოვნად მიიღონ ყველა ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა სთავაზობს.

ქეთევან მახარაშვილი აღნიშნავს, რომ: „მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ფუნქცია, რომელიც ვიკისრეთ, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ეროვნულ უმცირესობებს დაეუფლონ სახელმწიფო ენას, რაც აუცილებელია მათი ინტეგრაციისათვის. დღეს ახალი სასწავლო ჯგუფი გავხსენით ახალქალაქის სომხურ ეპარქიაში. ეს არის კარგი მაგალითი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ჟვანიას სკოლა მაქსიმალურად დაეხმარება ყველა მსურველს დაეუფლოს სახელმწიფო ენას".

პეტრე კანკავას აზრით: „ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანმა, ვინც კი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, იცოდეს სახელმწიფო ენა. სწორედ ამ მიზნით შევიმუშავეთ ერთიანი პოლიტიკა, რაც გულისხმობს ეროვნული უმცირესობებისათვის სპეციალური პროგრამების განხორციელებას".

ლია გიგაური - ჟვანიას სკოლამ 315 მობილური ჯგუფი გადაამზადა იქ, სადაც არსებობდა ენის შესწავლაზე მოთხოვნა, რათა დაინტერესებულ პირებს საშუალება მისცემოდათ ადგილზე მიეღოთ ეს სერვისი. დღეს ჩვენ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის გაკვეთილს დავესწარით. პირველად საქართველოს ისტორიაში, საეკლესიო პირებმა, სომხურენოვანი თემის წარმომადგენლებმა, გამოთქვეს სურვილი, რომ საკუთარ მრევლთან ერთად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

ლია გიგაურმა და პეტრე კანკავამ ასევე მოინახულეს კუმურდოში ქველმოქმედის კერძო ინიციატივით აშენებული, თანამედროვე სტანდარტებითა და ინფრასტრუქტურით კეთილმოწყობილი სკოლა, რომელიც ახლო მომავალში სახელმწიფოს გადაეცემა.

სსიპ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ასწავლის საქართველოს 3 რეგიონში მდებარე 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში.