|
: 2026-11-11 : სიახლეები |
საქართველოს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელების მიღება გაიმართა.
ჟვანიას სკოლის მსმენელებს პლენარულ სხდომათა დარბაზში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა. ასევე, მსმენელებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დელეგატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, ზაურ დარგალმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა.
გამომსვლელებმა ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და განათლებისა და პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სკოლის როლზე ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში.
ახალგაზრდებმა ქართული ენის სწავლების პროცესსა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ვიზიტი მსმენელებისთვის საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილება იყო, რომელიც ქართული პარლამენტარიზმისა და სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ გაცნობას ემსახურებოდა.