|
: 2026-11-21 : სიახლეები |
სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს პროექტების კონკურსს – „ენა და ინტეგრაცია".
კონკურსის მიზანია სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განვითარებაში სკოლის მსმენელებისა და კურსდამთავრებულების ჩართვა, პრაქტიკული და ეფექტიანი საპროექტო იდეების გამოვლენა და გამარჯვებული პროექტის საპილოტე რეჟიმში განხორციელების მხარდაჭერა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მოქმედ მსმენელებს;
- ამავე პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მიღებული აქვთ სკოლის სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალურად. თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი.
საპროექტო იდეა უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემატურ სფეროს:
- სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ინიციატივები;
- ციფრული ინსტრუმენტების, ხელოვნური ინტელექტისა და გეიმიფიკაციის გამოყენება;
- რეგიონულ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მოდელები;
- სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
1. საპროექტო განაცხადის ფორმის შევსება; განაცხადი
2.შევსებული განაცხადის სკოლის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – zspa@zspa.ge– გამოგზავნა.
კონკურსის ეტაპები და ვადები:
I ეტაპი – საპროექტო განაცხადების მიღება, შეფასება და გადარჩევა
- განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 21 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
- განაცხადების შეფასება: 2026 წლის 1 დეკემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისია წარმოდგენილ განაცხადებს ოთხი კრიტერიუმით შეაფასებს:
- პროექტის აქტუალობა;
- შემოქმედებითი მიდგომა და იდეის ორიგინალობა;
- პროექტის განხორციელების შესაძლებლობა;
- პრაქტიკული მნიშვნელობა პროგრამისთვის.
ფინალურ ეტაპზე გადავა უმაღლესი შედეგის მქონე არაუმეტეს 10 კონკურსანტისა.
II ეტაპი – ფინალური ეტაპი (პროექტის პრეზენტაცია)
- ფინალური ეტაპი გაიმართება 2026 წლის 9 დეკემბერს, თბილისში (ზუსტი ადგილი და დრო ფინალისტებს დამატებით ეცნობებათ).
- ფინალისტები საკუთარ პროექტებს ელექტრონული პრეზენტაციის სახით წარადგენენ. პრეზენტაციის ხანგრძლივობაა 10 წუთი. ფინალურ ეტაპზე მიღებული საბოლოო ქულების საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული (I ადგილი) და ორი პრიზიორი (II და III ადგილები).
- ფინალისტებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სკოლის მიერ დაწესებული სამახსოვრო საჩუქრები.
- სამივე საპრიზო ადგილის მფლობელს დამატებით გადაეცემა სპეციალური პრიზები.
- I ადგილის მფლობელი დამატებით მიიღებს სკოლის ინსტიტუციურ მხარდაჭერას პროექტის საპილოტე რეჟიმში განხორციელებისთვის.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება სკოლის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-გვერდზე.
გახდი სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განვითარების მონაწილე!