ზურაბ ჟვანიას სკოლა ახმეტის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

ზურაბ ჟვანიას სკოლა ახმეტის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

: 2017-11-01
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და გაეროს მოსახლეობის ფონდ რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე ორი ძირითადი საკითხი განიხილებოდა- „ისწავლე ქართული" პროგრამის მნიშვნელობა და „გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის გაზრდა".

ჟვანიას სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას. სახელმწიფო ენის ცოდნის კუთხით არსებული საჭიროებებისა თუ პრობლემების გამოვლენის მიზნით სკოლა სისტემატურად ახორციელებს კვლევებს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და მაქსიმალურად ცდილობს შექმნას მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამები. აღნიშნული მიზნად ისახავს სახელმწიფო ენის დაუფლების პროცესის გამარტივებასა და მსმენელთა (სამიზნე ჯგუფის) მოტივაციისა და მიზანდასახულობის ზრდას. ჟვანიას სკოლა ცდილობს წარმოაჩინოს და დაანახოს ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობა და საჭიროება, რაც მათ მიცემთ შესაძლებლობას, უკეთ დაგეგმონ თავიანთი მომავალი და გამოიყენონ ყველა ის სიკეთე, რომელსაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს კაცების ჩართულობაზე ოჯახის საქმეებში, შვილის აღზრდაში, მეუღლის დახმარებაში და სხვა იმ საკითხებზე, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. სწორედ ამიტომ საქართველოც არის გლობალური კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი.

სსიპ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კვლავ გააგრძელებს რეგიონებში შეხვედრებს და იმ აქტუალური საკითხების განხილვას მოსახლეობასთან ერთად, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო ენის სწავლის პოპულარიზაციას, ასევე ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.