ქალბატონი ნინოწმინდიდან, რომელმაც 59 წლის ასაკში გადაწყვიტა სახელმწიფო ენის შესწავლა

ქალბატონი ნინოწმინდიდან, რომელმაც 59 წლის ასაკში გადაწყვიტა სახელმწიფო ენის შესწავლა

: 2019-02-12
: ჩვენი მსმენელები

38 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა და 59 წლის ასაკში მიღებული გადაწყვეტილება - შეესწავლა სახელმწიფო ენა!

პედაგოგის ოჯახში გაზრდილმა მარიეტა ბაბაიანმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მიღებული ცოდნით მუშაობა მშობლიურ ჯავახეთში დაიწყო.

,,მე პედაგოგის ოჯახში დავიბადე, ამიტომ ბავშვობიდან ვოცნებობდი მათემატიკის მასწავლებელი გავმხდარიყავი.

ოცნება 1973 წელს ამისრულდა. ჩავაბარე და წარმატებით დავამთავრე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი მშობლიურ ჯავახეთში და 38 წელია ვასწავლი ფიზიკა-მათემატიკას."

საკუთარ პროფესიაზე შეყვარებულმა პედაგოგმა 2017 წელს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის სრული კურსი ნინოწმინდის რეგიონულ სასწავლო ცენტრში გაიარა. ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნით ქართულად ჩააბარა პროფესიული უნარები და უფროსი მასწავლებლის სტატუსიც მოიპოვა.

,,მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ამიტომ ვალდებული ვარ ვისწავლო ქართული ენა. ამაში მე დამეხმარა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, ნინოწმინდის სასწავლო ცენტრი. აქ მე მოვედი 2017 წელს და გავიარე სახელმწიფო ენის სწავლების სრული კურსი (A1 და A2). ახლა ვსწავლობ B1 დონეზე. სწავლის მოტივაცია და სურვილი უფრო მეტად ამიმაღლდა მას შემდეგ, როცა ჩემი შრომა დამიფასდა, ამ ზაფხულს ჩავაბარე პროფესიული უნარები ქართულად და დღეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს."

სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობა მარიეტას მსგავსად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ, ეროვნული უმცირესობის სხვა წარმომადგენლებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რაზეც მეტყველებს ამ რეგიონში, ჟვანიას სკოლის სასწავლო ცენტრებში მათი მიმართვიანობის მაჩვენებელი.