სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში

სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში

: 2019-06-01
: სიახლეები
31 მაისს, სასტუმრო "თბილისი რუმსში" ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში" გაიმართა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. 

პრეზიდენტის შემდეგ საზოგადოებას სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიესალმნენ. 

„სახელმწიფო ენის დაცვა, ჩემთვის, საქართველოს პრეზიდენტისათვის, როგორც ამას კონსტიტუცია მკარნახობს, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა. მისი პოპულარიზაცია და გაძლიერება ასევე ჩემს ვალდებულებებში შედის. ეს დიდი პასუხისმგებლობა და დიდად საამაყოა, რამეთუ ენა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იქნება. ჩვენ გაგვაჩნია მეორე სახელმწიფო ენა, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ძალიან რთულ მდგომარეობაშია... აფხაზური ენა ასევე ჩვენი დასაცავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში უფრო მეტი ადგილია, სადაც აფხაზური ენა ისწავლება, ვიდრე თვით აფხაზეთში. ეს არ არის სასიხარულო. ეს არის საჭირო, მაგრამ არა სასიხარულო. ამ კუთხითაც ჩვენგან ძალიან ბევრია გასაკეთებელი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

კონფერენციის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, სახელმწიფო მინისტრის აპარატს,სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა ოთხმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანიც ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით სასწავლო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების განხორციელებაა. კონფერენცია მოიცავდა ორ სადისკუსიო პანელს, რომლის დროსაც განხილეს სახელმწიფო ენის როლი სამოქალაქო ინტეგრაციაში, სახელმწიფო უწყებების სტრატეგია ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების განხორციელების მიზნით. 

სესია I - "სახელმწიფო ენა - სამოქალაქო ინტეგრაციის ინსტრუმენტი":
სადისკუსიო პანელის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. 

სესია II - "ენა და საზოგადოება":
სადისკუსიო პანელის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინე წეროძე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.