ჟვანიას სკოლამ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

ჟვანიას სკოლამ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

: 2019-07-11
: სიახლეები
ა.წ. 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ საქართველოს 10 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, კერძოდ: მარნეულში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, ახმეტაში, ახალქალაქში, წალკაში, ნინოწმინდაში, ბოლნისში, გარდაბანსა და დმანისში საკოორდინაციო შეხვედრები გამართა.
სკოლის თანამშრომლებმა ადგილობრივი თვითმმართველობების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ბაგა-ბაღების გაერთიანებების, საზოგადოებრივი კოლეჯების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებსა და არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებს სკოლის სასწავლო პროგრამების, საქმიანობისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრების ფარგლებში მოხდა საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით არსებული საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა, ანალიზი. ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ აუდიტორიას დეტალურად გააცნეს სკოლის ახალი პროგრამები, რომელთა აკრედიტაციაც უახლოეს მომავალში იგეგმება. კერძოდ,  პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამები: "მოხელის მენეჯერული უნარები" და "პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება". შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს სატრენინგო პროგრამების აკრედიტაციის შემდგომი ეტაპებისა და თანამშრომლობის შესახებ. ასევე ისაუბრეს არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. შეხვედრებზე გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მხარეებმა სამომავლო თანამშრმლობის გეგმები დასახეს.