კვალიფიციური საჯარო მოხელეები ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში

კვალიფიციური საჯარო მოხელეები ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში

: 2016-07-06
: ბლოგი

რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს შორის ერთ-ერთ გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენდა თვითმმართველობის რეფორმა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გაძლიერება, რაც რეგიონულ განვითარებასაც გულისხმობდა. თუმცა, ამისთვის მხოლოდ სურვილი და მიმდინარე პროცესი არ იყო საკმარისი, ის მოითხოვდა შესაბამისი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებას, ასევე, კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას და საჯარო მმართველობის განხორციელებას.

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად მოსახლეობა პერიოდულად ირჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას და საჯარო მმართველობას სწორედ მას მიანდობს. მათ შორის ურთიერთობა კი ყოველდღიური, დინამიკური პროცესია. საჯარო მმართველობის წყაროს თავად ადგილობრივი მცხოვრებნი შეადგენენ, ვინც უკეთ იციან თემისა თუ სოფლის საჭიროებანი და მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს წარმოადგენენ.

რეგიონული განვითარება უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის გამართულ ფუნქციონირებასა და წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც განაპირობებენ სწორედ ის ადამიანები, ვინც მის ორგანოებში მუშაობენ და ადგილობრივ მოსახლეობას დროული და კვალიფიციური მომსახურებით უზრუნველყოფენ.

განვითარებადი პროცესისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფის საქმეში, სხვადასხვა სასწავლო პროგრამებისადმი ხელმისაწვდომობა წლების განმავლობაში მტკივნეულ საკითხად რჩებოდა საჯარო მოსამსახურებიისთვის, ვინც ვერ ახერხებდნენ რეგიონებში გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებებისა და რესურსების არარსებობის გამო.

სასწავლო პროგრამებისადმი მოთხოვნა იზრდებოდა და მოიცავდა სწავლების არაერთ სფეროს. კომპიუტერული ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა, სახელმწიფო ენისა და საჯარო ადმინისტრირების ცოდნა ხშირად სახელდებოდა, როგორც პირველადი სასწავლო მოთხოვნა საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიერ.

არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა წარმოადგენს ერთადერთ დაწესებულებას, რომელიც სახელმწიფო ენის სწავლების კურსს სთავაზობს რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ვინც დასაქმებულნი არიან საჯარო სექტორში, რაც სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და მშვიდობიანი განვითარების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია.

სკოლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის პოპულარიზაცია და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ზრდა მათი გადამზადების გზით. ასევე, სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რაც საბოლოოდ, ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.

სკოლის ძირითადი საქმიანობა უკავშირდება სასწავლო პროგრამების განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, შეიქმნა რეგიონული სასწავლო ცენტრები შემდეგ ქალაქებში: ახალქალაქი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, ლამბალო, მარნეული, ნინოწმინდა და წალკა, სადაც ეთნიკური უმცირესობები მჭიდროდ არიან დასახლებულნი. ცენტრები სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც სწავლის პროცესს უფრო შემეცნებითს და ეფექტურს ხდის. რეგიონებში ასეთი ცენტრების შექმნა წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაკომპლექტებული სასწავლო ბაზა ადგილობრივი კადრებისთვის, ამასთან, გადამზადების კურსები ხელმისაწვდომი გახდა დაინტერესებული პირებისთვის.

ზემოაღნიშნული ძირითადი სასწავლო პროგრამების გარდა, მსმენელთა ინტერესისა და მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, სკოლამ შეიმუშავა დარგობრივი კურსები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო ორგანიზაციების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება, საჯარო ფინანსები და შიდა აუდიტი, სახელმწიფო შესყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აგრძელებს სასწავლო პროგრამების განხორციელებას, ითვალისწინებს ახალ სასწავლო მოთხოვნებს და პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც მისი საქმიანობის დროს ვლინდება. შესაბამისად, სკოლა პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული და მსმენელთა ინტერესებზე მორგებული დაწესებულებაა, რომელიც მომავალშიც გეგმავს ახალი დარგობრივი კურსების შემუშავებას და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

სკოლა 2005 წელს დაარსდა, ხოლო 2014 წლიდან დღემდე ის თავის მსმენელებს სთავაზობს განახლებულ სასწავლო პროგრამებს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.