სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia-ს ერთობლივი პროექტი დასრულდა

ჟვანიას სკოლისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia-ს ერთობლივი პროექტი დასრულდა

: 2020-07-31
: სიახლეები
ჟვანიას სკოლამ გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით, ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, წარმატებით განახორციელა ერთობლივი პროექტი - „ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარების გზით ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონისა და სახელმწიფო სტანდარტების განხორციელების მხარდასაჭერად".
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა კონცეფცია, რომელმაც მოიცვა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობების ანალიზი და მიმდინარე რეფორმის შემაფერხებელი ფაქტორები. კონცეფციის საფუძველზე მომზადდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა გადამზადების გეგმა, მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, ასევე სატრენინგო მოდული, როგორც მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფი პირებისთვის (მერები, მოადგილეები), ასევე ბაგა-ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებისთვის.
პროექტი, რომლის უმთავრეს ამოცანას მუნიციპალიტეტის მოხელეებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა, სამეტაპიანი მოდელისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი მოიცავდა მოკლევადიან სასწავლო ტრენინგს, მეორე ეტაპი მოიცავდა ე.წ. ქოუჩინგს სამუშაო ადგილზე, ხოლო მესამე ეტაპი - მონიტორინგისა და შეფასების პროცესს. სწორედ ასეთი მოდელი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების ( მერი, მოადგილე, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელები) ერთობლივ მუშაობას სკოლამდელი განათლების ხარისხის გასაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელი განათლების სფეროს მართვაში მათი კომპეტენციების ამაღლებას.
აღნიშნული პროექტი ორ ფაზად განხორციელდა, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო 12 სამიზნე მუნიციპალიტეტი. ესენია: ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, საჩხერე, ქუთაისი, ამბროლაური, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალქალაქი, ასპინძა და ახალციხე. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში გადამზადდა 50 ბენეფიციარი.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მადლობას უხდის UNICEF Georgia-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ასევე პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს.