: 2020-10-15 : სიახლეები |
მოგესალმებით, ნონა. დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში. გთხოვთ,გვიამბოთ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის შესახებ, რომელსაც თქვენ ჟვანიას სკოლის ტრენერის რანგში ახორციელებთ მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის.
მოგესალმებით, მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის. წლებია, ვმუშაობ ტრენერ-კონსულტანტად ქვემო ქართლში - ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში. ჩართული ვარ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში, მათ შორის ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაში. წლების განმავლობაში მიწევს მუშაობა როგორც მოსწავლეებთან, ისე ზრდასრულებთან. სწავლების პროცესში ყოველთვის ვცდილობ, შევქმნა თავისუფალი, კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო და სხვადასხვა ინტერაქტიული მეთოდის გამოყენებით დავეხმარო ჩვენს ბენფიციარებს სახელმწიფო ენის შესწავლაში.
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, როგორი ინტერესით, მონდომებითა და პასუხისმგებლობით უდგებიან სასწავლო პროცესს ზრდასრულები. ისინი ცდილობენ, თავიანთი გადატვირთული დღის რეჟიმში გამონახონ დრო იმისათვის, რომ შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ სახელმწიფო ენის ცოდნა, რათა უკეთ შეძლონ ინტეგრაცია სამოქალაქო საზოგადოებაში. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც მსმენელთა ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებით. ამ დროს ყველა უკეთ ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროგრამების ფუნქციონირება და განვითარება ასეთ რეგიონებში.
ტრენინგის მიმდინარეობისას ბენეფიციარები სწავლობენ არა მარტო სახელმწიფო ენას, არამედ ეცნობიან ჩვენი ქვეყნის მისწრაფებებს, მრავალფეროვან ტრადიციებს, ისტორიასა და კულტურას.
გლობალური პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვნად შეიცვალა სასწავლო გარემო. გთხოვთ, გვიამბოთ ჩვენ და ჩვენს ბენეფიციარებს, თუ რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლის დროს და ასევე გაგვიზიაროთ ის დადებითი მხარეები, რომლებიც ამ პროცესის თანმდევი გახლავთ.
მართლაც, მნიშვნელოვნად შეიცვალა სასწავლო გარემო, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. ამ დროს მეტ სირთულეებს შევხვდით ზრდასრულებთან. ახალგაზრდებმა უფრო იოლად გაართვეს თავი ონლაინსწავლებას. სირთულეები ძირითადად დაკავშირებული იყო ტექნიკურ მხარესთან, თუმცა საკმაოდ სწრაფად მოვახერხეთ ადაპტირება ამ პროცესთან.
მართალია, მანამდეც უხვად ვიყენებდით ტრენინგზე ელექტრონულ სასწავლო რესურსებს, მაგრამ დისტანციურმა სწავლებამ უფრო მრავალფეროვანი რესურსების შექმნისა და გამოყენების საშუალება მოგვცა.
გარდა ამისა, ყოველ ჯგუფთან სასწავლო პროცესს განსხვავებულად ვგეგმავ. ვცდილობ, სასწავლო პროგრამა მათთვის საინტერესო მეთოდებით განვახორციელო, რათა ჯგუფის თითოეული წევრი მაქსიმალურად იყოს ჩართული სატრენინგო პროცესში.
ამასთან ერთად, დისტანციური სწავლება ხელს უწყობს ჩვენს მსმენელებს, რათა ენის სწავლასთან ერთად გაიუმჯობესონ ონლაინმუშაობის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ ეხმარება თანამედროვე სოციუმში ინტეგრაციასა და წარმატების მიღწევაში.
როგორ ფიქრობთ, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, იზრდება თუ არა ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებში სახელმწიფო ენის სწავლისადმი ინტერესი?
სახელმწიფო ენის შესწავლის ინტერესი დღითიდღე იზრდება. ადგილობრივი მოსახლეობა კარგად აცნობიერებს სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას სამოქალაქო ინტეგრაციისა და დასაქმებისათვის.
გთხოვთ,კიდევ ერთხელ, ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს გავუზიაროთ,თუ რითია გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა.
ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ რაც უფრო მეტი ასეთი პროგრამა იმუშავებს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მით უკეთესი იქნება. ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა განსაკუთრებულ როლს ასრულებს, რადგან სხვადასხვა ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლი ბენეფიციარები ხშირად ერთად სხედან, რამაც დღესკიდევ უფრო მეტი დატვირთვა და სოციალური მიზანი შეიძინა. ისინი ერთმანეთთან ქართულ ენაზე ურთიერთობენ და ყოველთვის გამოთქვამენ სურვილს, რომ გააგრძელონ სწავლა შემდეგ საფეხურზე.
ჩვენი მსმენელები ერთ სივრცეში, ერთიან სასწავლო გარემოში ჩართულები, კარგად აცნობიერებენ, რომ ჟვანიას სკოლა ეხმარება მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, თანაბრად ისარგებლონ ყველა იმ უფლებითა და პრივილეგიით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს.
დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში.