სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბლიცინტერვიუ კახა გაბუნიასთან - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ექსპერტთან.

ბლიცინტერვიუ კახა გაბუნიასთან - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ექსპერტთან.

: 2020-11-26
: სიახლეები

კითხვა #1

მოგესალმებით, ბატონო კახა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება ზოგადად პილოტირების პროცესთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა, ყოველმა ახალმა პროგრამამ გაიაროს ეს პროცესი?

ვფიქრობ, პილოტირების პროცესი, ნებისმიერ შემთხვევაში, თავად პროგრამისთვისაა მნიშვნელოვანი: პილოტირების პროცესი აჩვენებს, სად არის ხარვეზები, ამასთან, შესაძლებელს ხდის, მოისინჯოს მათი გამოსწორების გზები. დიდაქტიკა ხომ მეცნიერების პრაქტიკული დარგია - რაგინდ ლოგიკური და გამართულიც არ უნდა იყოს თეორია - პრაქტიკაში მისი „გატესტვა", ჩემი აზრით, აუცილებელია.საზოგადოდ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სამიზნე ჯგუფისთვის იქმნება პროგრამა. როგორც წესი, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლოა სრულიად „ჩამოიშალოს" აგებული პროგრამა და მოითხოვოს ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია-კორექტირება კი პილოტირების გარეშე, ბუნებრივია, ვერ განხორციელდება.

კითხვა #2

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში შემუშავდასაანბანო კურსი", რომლის მიზანია, შემსწავლელმა მიიღოს პირველადი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, შეძლოს ძალიან მარტივი საკომუნიკაციო სიტუაციების დაძლევა და შეისწავლოს ქართული ანბანი. თქვენი აზრით, დაეხმარება თუ არა აღნიშნული კურსი მათ, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ქართული ენის შესწავლას?

ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ რესურსს, რომელიც ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროცესის მხარდასაჭერად იქმნება. წინა კითხვას რომ დავუბრუნდეთ - სწორედ პილოტირების პროცესი წარმოაჩენს კურსის ავსა და კარგს, რამდენად აღწევს სასწავლო მიზანს (მისაღწევ შედეგებს), რა უშლის თუ, პირიქით, ეხმარება მასწავლებელსა თუ შემსწავლელს ამ მიზნის მიღწევაში.

კითხვა #3

თქვენი აზრით, საკმარისია თუ არა სახელმწიფო ენის ცოდნა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

რასაკვირველია, არა!

მრავალი, ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს სამოქალაქო ინტეგრაციის ხარისხს. ენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია (თუნდაც, ინფორმაციული ვაკუუმის ამოსავსებად, რაც, არაერთი კვლევის შედეგად, უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის უაღრესად სერიოზული გამოწვევაა). მხოლოდ აკადემიურ სივრცეში ენის სწავლება სასურველ შედეგს არ იძლევა. საჭირო და აუცილებელია „კლასგარეშე" აქტივობების დაგეგმვა და ენის სწავლების პროცესთან ინტეგრირება. გასათვალისწინებელია ასევე ინტერკულტურული ასპექტები, კომუნიკაციური მიდგომა და ა.შ.

კითხვა #4

ჩვენი ინტერვიუს ბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს ბენეფიციარებს? გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის ოქროს წესი ენის შესწავლასთან დაკავშირებით?

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ოქროს წესი" არ არსებობს. მეტი კომუნიკაცია, მეტი ქართულენოვანი გარემო, პრაქტიკა, ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავზე- აი, ყოველივე ამის ერთობლიობაა „ოქროს წესი".

დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიცინტერვიუში.