გახდი წარმატებული საჯარო მოხელე

გახდი წარმატებული საჯარო მოხელე

: 2017-05-06
: ბლოგი

 

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სივრცეში მოქცევამ და ამ სფეროში არსებულმა არაერთმა საკანონმდებლო აქტმა განაპირობა როგორც შემსყიდველთა, ასევე მიმწოდებელთა ინტერესის ზრდა. 
შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გადამზადების აუცილებლობაც გაჩნდა, რათა კანონის მოთხოვნათა და დადგენილი ვადების გათვალისწინებით, ჩატარდეს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. საჯარო სექტორმა დროულად მიიღოს ხარისხიანი და ჯეროვანი მომსახურება/საქონელი, ხოლო მიმწოდებელმა გაწეული მომსახურების მიწოდებული საქონლის შესაბამისი ანაზღაურება. რაც, საბოლოო ჯამში, მიმართულია საჯარო მმართველობის ნორმალური ფუნქციონირებისა და მხარდაჭერისთვის.

არსებული სასწავლო მოთხოვნის გათვალისწინება და მსმენელთა ინტერესზე ორიენტირება წარმოადგენს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. 

საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის შემუშავდა დარგობრივი კურსი -,,სახელმწიფო შესყიდვები", რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების გაზიარებასაც მოიცავს. ყოველივე აღნიშნული ეხმარება მსმენელებს, უკეთ აითვისონ სასწავლო მასალა და გაუადვილდეთ სახელმწიფო შესყიდვის ეტაპების წარმატებით გავლა. სკოლაში აღნიშნული სასწავლო პროგრამის მსმენელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, კერძოდ: 2014 წელს 25-მა, ხოლო 2015 წელს - 51-მა საჯარო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა ,,სახელმწიფო შესყიდვების" დარგობრივი კურსი, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 

ჩემთვის, როგორც შესყიდვების სპეციალისტისთვის, უმნიშვნელოვანესი იყო სკოლის მიერ ორგანიზებული ერთთვიანი ,,სახელმწიფო შესყიდვების" კურსის დასრულება, რომელმაც დიდი გამოცდილება შემმატა. აღნიშნულმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემ შემდგომ მუშაობაში, რასაც ადასტურებს შესყიდვის ე.წ. სტატუსის ,,არ შედგა"-ს რაოდენობის შემცირება," - აცხადებს ავთანდილ რაზმაძე. მან დარგობრივი კურსის დასრულების შემდეგ წარმატებით გაიარა საკონკურსო-საატესტაციო გამოცდა და დუშეთის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის წამყვანი სპეციალისტიდან გადაინაცვლა შესყიდვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კურსი განკუთვნილია, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ასევე, მათთვის, ვინც მომავალში გეგმავს აღნიშნულ სფეროში საქმიანობას.