სოფელ იორ-მუღანლოს ქართული ენის მასწავლებლის წარმატების ისტორია

სოფელ იორ-მუღანლოს ქართული ენის მასწავლებლის წარმატების ისტორია

: 2017-06-06
: ბლოგი

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც შორენა ბითაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, მოხალისე მასწავლებლის სტატუსით ის გააგზავნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორ-მუღანლოს საჯარო სკოლაში, სადაც სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში არაქართულენოვან გარემოში ქართული ენის სწავლების გაძლიერებისთვის მუშაობდა. მის პროფესიულ მოვალეობებში შედიოდა როგორც ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა, ასევე, ზოგადად სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, სიახლეების შეტანა, არაფორმალური განათლების ელემენტების გაძლიერება, სასკოლო ცხოვრების გააქტიურების მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიების მოწყობა. ვალდებულებებში შედიოდა ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ, აზერბაიჯანელ მასწავლებლებსა და თემის წარმომადგენლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მათ ენობრივ საჭიროებებზე რეაგირება და ა.შ.

აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, მან სწავლა განაგრძო მაგისტრატურაში განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, რაც ცხადყოფს მის ინტერესს საგანმანათლებლო სფეროსადმი და მუშაობის გაგრძელების სურვილს განათლების სისტემაში.

ეთნიკურ უმცირესობებთან რეგიონში მუშაობა, თემთან სიახლოვე და მისი მახასიათებლების ცოდნა, განათლების სფეროში უფრო მეტი გამოცდილების დაგროვების სურვილი და სწავლების თანამედროვე მიდგომების დაუფლება - ყოველივე ამან განაპირობა მოტივაციის ზრდა, რამაც შორენას გადააწყვეტინა, ჩართულიყო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში". 2015 წელს პედაგოგთა შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, ის შეუერთდა სკოლის პედაგოგთა გუნდს, გაიარა სკოლის მიერ შეთავაზებული პროფესიული ტრენინგები და განაგრძო მოღვაწეობა ლამბალოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში.

„სახელმწიფო ენის სწავლება უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეა. სრულად მაქვს გააზრებული მონიჭებული ნდობის მანდატისა და ჩემზე დაკისრებული ვალდებულებების მნიშვნელობა. მახარებს ის, რომ კონტიგენტს, რომელთანაც მიწევს ურთიერთობა, ანუ, მსმენელთა უმრავლესობას, რომელიც ჩვენთან მოდის, ასევე გააზრებული აქვს სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობა და აფასებს ენის შესწავლისათვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირობებს.

თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, ყველა მოქალაქეს უნდა დავეხმაროთ, შეძლოს ინტეგრაცია და საკუთარი თავის რეალიზება იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს"_ აცხადებს შორენა ბითაძე, „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამასთან" დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ

-„ეთნიკური უმცირესობებისთვის დღემდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. მათ შორის, დიდი წილი მოდის ჟვანიას სკოლაზე, რომელიც „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით" ხელს უწყობს ეროვნული პოლიტიკის აღსრულებას. „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა" კონკურენტუნარიანია თავისი არსით, რადგან ემყარება ენის შესწავლის ზოგადევროპულ სტანდარტებს და მიზნად ისახავს ენობრივი კომპეტენციის განვითარებას ოთხი მიმართულებით: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი. აქცენტი კეთდება საკომუნიკაციო საჭიროებებზე, ყოველდღიურ სიტუაციებზე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, მიღებული ცოდნის გამოყენებაზე.

ამ პროგრამით, პირველ ეტაპზე, ხდებოდა მხოლოდ საჯარო მოხელეებისა და მასწავლებლების მომზადება, რადგან პროფესიული საქმიანობისას ყველაზე მეტად მათთვის იყო პრობლემატური და მტკივნეული ენობრივი ბარიერი. მას შემდეგ, რაც მოხდა მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინება, მოიხსნა ბარიერები და საჯარო მოხელეებისა და მასწავლებლების გარდა, ნებისმიერი მსურველისათვის არის ხელმისაწვდომი სერვისი, დღითიდღე უფრო იზრდება ინტერესი და ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი. ამიტომაც სკოლის ადმინისტრაცია ორიენტირებულია მუდმივ განახლებასა და სასწავლო პროგრამების კიდევ უფრო მეტად დახვეწაზე.

„სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის" გარდა, ჟვანიას სკოლის სიძლიერესა და პოპულარობას განაპირობებს ასევე ის, რომ სკოლა ჩვენს მსმენელებს საშუალებას აძლევს სახელმწიფო ენის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ განაგრძონ სწავლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივ კურსებზე.

„რაც შეეხება ჩვენს სასწავლო ცენტრსა და უშუალოდ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას, რაღა თქმა უნდა, ყოველი ახალი ნაკადი, ახალი ჯგუფი განსხვავებულია. მუდმივად ჩნდება იდეები, რა როგორ არის უკეთესი, რა შეიძლება უფრო ეფექტური გავხადოთ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარე პროგრამებისაგან განსხვავებით, ზრდასრულებთან მუშაობას თავისი უპირატესობა აქვს. ჩამოყალიბებული ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას რა უნდა, რა სჭირდება, რაში გამოიყენებს ნასწავლს, აქვს სამომავლო გეგმები. შინაგანი მოტივაციის ამგვარი დონე, ცხადია, გვეხმარება სასწავლო მიზნების მიღწევაში.

ამასთან, უმნიშვნელოვანესია რა ხვდება ჩვენთან მოსულ მოქალაქეს. ჟვანიას სკოლისთვის მახასიათებელი მშვიდი და საქმიანი გარემო, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ხელშეწყობა, მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი, შეფასების გამჭვირვალე და ვალიდური სისტემა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - განათლების უფასოდ მიღების საშუალება - ეს ყველაფერი თავისთავად ზრდის ენის შესწავლისადმი მიმღებლობას. გარდა ამისა, ვცდილობთ გავითვალისწინოთ ინდივიდუალური ინტერესები და მივაწოდოთ მსმენელებს შესაბამისი დამატებითი მასალები."